ლაგოდეხში ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონები" ფარგლებში, ქალაქ ლაგოდეხში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხში უკვე დასრულდა პირველი ეტაპის, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა ადგილზე მოინახულეს.
პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხში ამჟამად მიმდინარეობს ლაგოდეხის პარკის ტერიტორიის მეორე ნაწილის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნური ტბა, სპორტული მოედანი, ტექბოლის და ტენისის მაგიდები, ამფითეატრი, შადრევანი და ფანჩატური. რეაბილიტაცია უტარდება ბილიკებს და მოსასვენებელ სივრცეებს.
ლაგოდეხში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, განხორციელდა ლაგოდეხის პარკის გარკვეული ნაწილის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპის ფარგლებში, აშენდა 3 შენობა. მოეწყო დასასვენებელი, სპორტული და ბავშვთა გასართობი სივრცეები.
პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 10.3 მილიონი ლარია.