ბათუმის ახალი ბულვარის პირველი ნაწილის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ პირველი ეტაპი პრაქტიკულად დასრულებულია და ქვეყნის დიდ ქალაქებში მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები. 

 

პირველი ეტაპის ფარგლებში სრულად განახლდა 727 შენობა ენერგო-ეფექტური მასალის გამოყენებით, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ტროტუარები, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები. ასევე განახლდა და მოეწყო 92 პარკი და სკვერი, აშენდა ქობულეთის ერთ კილომეტრიანი ბულვარი.

 

აჭარის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. ბათუმში  მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის ახალი ბულვარის მშენებლობას. ბულვარი სამ ნაწილად არის დაყოფილი და ექსპლუატაციაში ფაზებად შევა. ბულვარის ყველაზე დიდი ნაწილი ზაფხულში უკვე მოემსახურება ქალაქის მაცხოვრებლებს და სტუმრებს. 
 
ბათუმში, „გმირთა ხეივანში“ უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდის მიწისქვეშა ხიმინჯები და რეკრეაციული სივრცეები. 
 
პროექტის განხორციელება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. ამჟამად, მიმდინარეობს ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მთლიანი მწვანე დერეფნის საყვავილეებში მოქცევა, გამწვანების ზოლის, საფეხმავლო ბილიკის, სარწყავი სისტემის, განათების, სკამების და ხიდის ქვეშ კომერციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები.  
 
ხეივანში მშენებარე სახიდე საფეხმავლო და ველო გადასასვლელი, საფეხმავლო პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის. 
 
პროექტით, ასევე, დაგეგმილია „გმირთა ხეივანში“ არსებულ მემორიალის რეაბილიტაცია.