გორის მოსახლეობას მალე სრულად განახლებული პარკი ექნება
ქალაქ გორში კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის 9.3 მილიონი ლარის მხარდაჭერით ახორციელებს.
დაზიანებული და უფუნქციო „ახალბაღის“ პარკის რეაბილიტაციის შედეგად, გორის მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები სრულად განახლებულ, კეთილმოწყობილ პარკში შეძლებენ დასვენებას. განახლებული პარკი ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცეც გახდება.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას; ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების დ სპორტული ზონის მოწყობას; მიმდინარეობს არსებული ხელოვნური ტბის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული 2 შადრევნის რეაბილიტაცია; გათვალისწინებულია პარკის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მათ შორის, საზოგადოებრივი საპირფარეშოსა და ღია კაფეებისთვის სივრცეების მოწყობა. პროექტის ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნება ახალი საინჟინრო ქსელის გაყვანა, რაც მოიცავს, როგორც საკანალიზაციო, ისე წყალსადენის და საირიგაციო ავტომატიზებულ სისტემებს.
პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც განახლებულ პარკს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე, მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის.
განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.