ფონდმა ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ მიმდინარეობის ანგარიში წარადგინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ და აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ მიმდინარეობის ანგარიში წარუდგინეს.
საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წელს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.
ჩემპიონატისათვის, საერთო ჯამში, 10 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი რეაბილიტირდება და მოეწყობა. მათ შორისაა, თბილისში მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონები, წყალტუბოს, ქობულეთის, ბათუმი სათადარიგო სტადიონები და ტექნიკური საწვრთნელი ბაზები.
პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 100 მილიონი ლარია.
სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, არაერთ სპორტულ კომპლექსსა და სტადიონს აშენებს. მათ შორის, დასრულების ეტაპზეა ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზის და რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ასევე, აქტიურ ფაზაშია ახალციხის სპორტული კომპლექსის, მარნეულში საფეხბურთო სტადიონის, ბოლნისსა და წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.