პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება.
ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.
პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტიის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.
პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის, 2023 წლის ბიუჯეტში, 200 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. სამუშაოები რამდენიმე ფაზად განხორციელდება.
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქებისა და კურორტების ისეთი არეალების განვითარებას და იერსახის განახლებას, რომელიც მათ პოტენციალს მნიშვნელოვან დატვირთვას შესძენს და ახალ მიზიდულობის ცენტრებს გააჩენს.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ არეალებში გათვალისწინებულია შენობების, კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და საჭიროების შემთხვევაში - რესტავრაცია; მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და კულტურული ობიექტების როგორც რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე მშენებლობა; ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეების, ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ახალი ადგილების და ტურისტული ატრაქციების განვითარება; მოწესრიგდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საინჟინრო ქსელები - განათების, სარწყავი, სანიაღვრე სისტემების და კომუნიკაციების ჩათვლით; აქტიურად იქნება გამოყენებული ენერგოეფექტური გადაწყვეტები, დათბუნებების, კარ-ფანჯრის, სახურავებისა და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების მოწყობის სახით.
პროგრამის პირველივე ეტაპზე დამუშავდება კონკრეტული არეალების განვითარების კონცეფციები და ასევე, დაიწყება პირველი ფაზის სამუშაოები.
პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდი განახორციელებს.