მგფ-ი 110 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს
110 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შემოდგომაზე ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის
რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ
პირთათვის ქუთაისში 110 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციას ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 4,356,899.00 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის გარდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით კიდევ სამი შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება კასპსა და ბორჯომში, რომლის დასრულების შემდეგაც ჯამში 240 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ექნება ახალი საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის თებერვალში დაიწყო და 6 თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში 110 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებს. 110 ბინიდან 46 ბინა ერთოთახიანია, 52 ბინა ოროთახიანი, 12 ბინა კი სამოთახიანი. აქედან 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაა სრულად ადაპტირებული, ამასთან რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მთლიანად საცხოვრებელი კორპუსი და გარე ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
პროექტის განხორციელების განმავლობაში მშენებლობაზე 120-150 ადამიანი იქნება დასაქმებული, აქედან 25 % იძულებით გადაადგილებული პირია. ყველა საცხოვრებელ ბინას ექნება ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი. სამზარეულოში დამონტაჟდება წყლის გამათბობელი, ასევე დაიდგმება კარმის ტიპის გამათბობელი. ეზოში მოეწყობა სათამაშო ატრაქციონი, ასევე მოეწყობა ავტომობილებისთვის სადგომი. დამონტაჟდება გარეგანათების ქსელი, დეკორატიული სანათები, სანაგვე ურნები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა.
რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც მგფ-ის ხელმძღვანელობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად 110 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემს.
4 კორპუსის რეაბილიტაციის გარდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასევე ახორციელებს 22 კოლექტიური ცენტრის ნაწილობრივ რეაბილიტაციას, აქედან - 18 კორპუსი არის ქუთაისში, ერთი ვანში, 2 წყალტუბოში და ერთი ზუგდიდში. აღნიშნული შენობების რეაბილიტაციაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდება.