ირაკლი ქარსელაძე UEFA-ს დელეგაციას შეხვდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA-ს) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადების პროცესი. ჩემპიონატს საქართველო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
უეფას სპეციალური ჯგუფი შემადგენლობაში იყვნენ უეფას საოპერაციო დირექტორი შარონ ბურკჰალტერ-ლაუ, უეფას ტურნირებისა და ღონისძიებების დაგეგმვის დანაყოფის უფროსი პიტერ ნორდენსტრომი, U21 პროექტის ხელმძღვანელი ბეტინა გრესელი და სპეციალური კონსულტანტი ლუი სილვა.
უეფას წარმომადგენლები, ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ბოლოს სტუმრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდნენ.
ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო იმ სამუშაოების პროგრესი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში აწარმოებს. აღინიშნა, რომ ჩემპიონატისთვის მზადებაში არაერთი სახელმწიფო უწყებაა ჩართული და პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს სამუშაოების წარმოების გრაფიკი ყველა სტადიონთან მიმართებაში და აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში.
უეფას წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს სამუშაოების პროგრესს და ყველა მიმდინარე სამუშაოს წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე და U21-ის პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე.
საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, მოწესრიგდება არსებული და დამატებით მოეწყობა 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონეზე, დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე, ახალი საფეხბურთო სტადიონები შენდება ბათუმში, ქობულეთში და წყალტუბოში. სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს.