საბირქენდის 450 ბავშვზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
პროექტი საქართველოს მთავრობამ 6.5 მილიონი ლარით დააფინანსა.
ახალაშენებული სკოლა ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
საბირქენდის სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. ახლა კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამში 8 სკოლის მშენებლობა და 2 სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა.