ნორიოს და ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაცია განაახლა და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასრულებს.
სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი თუ წერილობით გაფრთხილებისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მიზნით, ამოქმედდა საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია. 2022 წელს დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად, გამოცხადდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული.
მუნიციპალური განვითრების ფონდი სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის, ჯამში, 2000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სკოლებში ეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე, გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, დაათვალიერა.