სოფელ გორდის 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს.
პროექტის მიხედვით, სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.ფონდმა სკოლის შენობის რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოების პროცესში გამოვლინდა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობა, რამაც, ბუნებრივია, შეცვალა პროექტის განხორციელების ვადები.
„მას შემდეგ, რაც შენობის რეაბილიტაცია დავიწყეთ, დავინახეთ გარკვეული საფრთხე შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით. ფონდმა დაუყონებლივ დაიწყო შენობის შესწავლა და დადგინდა, რომ შენობა დამატებით გამაგრებას, ეგრეთ წოდებულ შეჯავშნას საჭიროებდა. როგორც მოგეხსენებათ, სოფელი გორდი მეწყრულ ზონაში მდებარეობს და ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ პროექტს. შესაბამისად, ფონდმა შემსრულებელ კომპანიას დამატებით საინჟინრო-გეოლოგიური და შენობის მდგრადობის კვლევა დაავალა. კვლევის შედეგებს ველოდებით მომავალი კვირის ბოლოს და იმის მიხედვით დაიგეგმება სამუშაოების შემდეგი ეტაპები. ჩვენთვის ბავშვების უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაჩქარევად, მარტო ვადის გამო დასრულებული სამუშაოები“, ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, სამუშაოების შესრულების პროცესის გაცნობისას განაცხადა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლის განმარტებით, სამშენებლო კომპანიის წინაშე ფონდს არანაირი ფინანსური დავალიანება არ აქვს. ფონდის ყველა შესრულებული სამუშაოს სერთიფიკატი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. მისი განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონდი მზად არის, ხელშეკრულების შესაბამისად, გაზარდოს სახელშეკრულებო ღირებულება.
„ჩვენი მიზანია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ 2023 წლის სექტემბერში სასწავლო წელი დაიწყოს რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში”- განაცხადა ქარდავამ.
გორდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბუჯეტიდან 4.1 მილიონი ლარით ფინანსდება.