განცხადება დუშეთის ურბანული განახლების პროექტზე
15 ნოემბერი 2022
გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ დუშეთის ურბანული განახლების პროექტთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც, ტრადიციულად, პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან ინფორმაციის გადამოწმების გარეშე მომზადდა. სიუჟეტი შეიცავდა არაერთ არასწორ ინფორმაციას და ემსახურებოდა მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.
დუშეთის ურბანული განახლების პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპი 2018 წელს დასრულდა და მოიცავდა ქალაქ დუშეთის ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციას.
პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 40 სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ქუჩების მოპირკეთება-კეთილმოწყობას, დაიწყო 2018 წლის ნოემბრის ბოლოს. სამუშაოებს დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წესების შესაბამისად ჩატარებულ ტედერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებდა. ვინაიდან კომპანია ჯეროვნად ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, 2020 წლის თებერვალში მასთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა, კომპანია კი დაჯარიმდა. დაწყებული 5 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით, დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შესყიდვის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში, შეირჩა ახალი სამშენებლო კომპანია. ახალმა კომპანიამ სამუშაოები დაიწყო 2021 წლის აპრილში და მისი დასრულების ვადად ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მიმდინარე წლის დეკემბერი. ამჟამად, დასრულებულია სამუშაოების 75%.
პროექტის მე-3 ეტაპით გათვალისწინებული 35 სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ ახალ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის დეკემბერში. კომპანიამ სამუშაოების დაწყება ეტაპობრივად, მხოლოდ 2022 წლის 17 ივლისიდან შეძლო, ვინაიდან, როგორც მოსახლეობასთან დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმებას, ისე სხვა აუცილებელი პროცედურული საკითხების დასრულებას, გარკვეული დრო დასჭირდა. მოცემულ ეტაპზე კონტრაქტორი აწარმოებს სამუშაოებს 22 სახლზე და აგრძელეს პროექტით განსაზღვრული არეალის ათვისებას.
რაც შეეხება ილიასეული სასამართოს შენობას, რომელიც სიუჟეტის მთავარ ხაზს წარმოადგენდა, მისი რეაბილიტაცია გათვალიწინებულია მიმდინარე ხელშეკრულებით, რომლის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წელი. შენობა არის კერძო თანასაკუთრებაში და სამუშაოების დაწყება საჭიროებს კერძო მესაკუთრეების ერთობლივ თანხმობას, რომლის მოპოვება გაჭიანურდა თანამესაკუთრეთა შეუთანხმებლობის გამო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარმოებული აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ამ ეტაპზე მესაკუთრეებისაგან წერილობითი თანხმობა მიღებულია. საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთანაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სიუჟეტში გამოთქმული მძიმე ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და მხოლოდ კონკრეტული ინტერესის მქონე მხარის ვარაუდებს წარმოადგენს, რომლის მიზანი საზოგადოებაში სახელმწიფო უწყებისა თუ უშუალოდ პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.