იტალიური არქიტექტურისა და დიზაინი დღეები თბილისში წელსაც გაიმართა
საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, 30-31 მაისს თბილისში იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება გაიმართა.
საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძე ერთობლივად გახსნეს სამი გამოფენა, რომლებიც ღია იქნება მნახველისთვის 2022 წლის 3 ივნისამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. იტალიის არქიტექტორთა ეროვნულ საბჭოსთან ერთად მომზადებული ექსპოზიცია უკავშირდება დიზაინის დღის მთავარ თემას „რეგენერაცია: დიზაინი და ახალი ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღონიძიებაზე წარადგინა პრეზენტაცია ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, რომელმაც იტალიელ არქიტექტორებს გააცნო ფონდის დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
მონაწილეებმა მიმოიხილეს ურბანული განვითარების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები. მათ შორის, აღინიშნა პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტები, ველისციხეში დაწყებული ისტორიული სოფლის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების სამუშაოები და სვანეთში დაგეგმილი ლაღამის უბნის აღდგენის პროექტი.
იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის დღეების მიზანია საქართველოში იტალიური დიზაინის ცნობადობის ამაღლება და ხელმისაწვდომობა, შესაბამისი დარგების წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერება და ამ სფეროებში საქართველოსთან მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა.