მარნეულში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი შენდება
საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონს აშენებს.
სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 8.1 მილიონ ლარით აფინანსებს.
მშენებარე სტადიონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, ქალაქ მარნეულში შენდება ცენტრალური სტადიონი 2000 გილშემატკივარისთვის განკუთვნილი ტრიბუნით. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 9 პროექტს ახორციელებს.