ირაკლი ქარსელაძე-რუსთავში ,,განახლებული რეგიონების“ პროექტების პირველი ფაზის სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქალაქ რუსთავში აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე.
პროგრამით, ქვემო ქართლის რეგიონებისთვის ბიუჯეტიდან 17 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. რუსთავში გათვალისწინებულია მეგობრობის გამზირის და მერიის წინ მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოხდება ასევე, 12 შენობის რეაბილიტაცია. რუსთავში პროგრამის ფარგლებში პირველი და მეორე ფაზის სამუშაოებში 40 მლნ ლარის ინვესტიცია მოხდება.
პროგრამის ფარგლებში, რუსთავში განხორციელდება: ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედანის, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნისა და ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის, დიდების მემორიალის მოპირდაპირედ არსებული სკვერის (მეგობრობის გამზირის მიმდებარედ - საგამოფენო სივრცე), დიდების მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის (ცურტაველის ქუჩა) რეაბილიტაცია.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აქტიური სამუშაოები 63-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რუსთავი გამორჩეულია თავისი მასშტაბით და რეალურად პირველი ფაზის 70% უკვე შესრულებულია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ენერგოეფექტურობის კომპონენტს, ასევე მნიშვნელოვანი საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას. გათვალისწინებულია ასევე, რეკრეაციის მოწყობა.
„განახლებული რეგიონების“ უპრეცედენტო, 4 წლიან პროგრამა, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს - ფაქტობრივად ქვეყნის მთელ ტერიტორიას - და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას ანუ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას.
პროგრამით დაფინანსებული პროექტები მოიცავს მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობას და სხვა. პროგრამით „განახლებული რეგიონები“ დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ქალაქ ბათუმში და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
პროგრამის მიზანია, ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა. ყველა ის პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელს შეუწყობს თითოეული მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას და მოსახლეობისათვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.