სოფელ გეგუთში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო.
ახალაშენებული სკოლა ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს.
სოფელ გეგუთის 240 მოსწავლეზე გათვლილი №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
240-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს განათლების მიღებას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 67 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.