ინფრასტრუქტურის სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 3 მილიარდ 861 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებს

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორს, ევგენი ჟუკოვს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის დაფინანსებით და მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც  საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე   წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და  მუნიციპალური განვითარების სფეროში.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი, კობა გაბუნია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე და სხვა საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელები, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი და საქართველოს მისიის წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს  მნიშვნელოვანი პარტნიორია  და ფაქტობრივად ყველა მიმართულებით არის  ჩართული  მასშტაბურ პროექტებში.

,,რიკოთის მონაკვეთი, ქვეშეთი-კობის პროექტი, წყალმომარაგების პროექტები, ურბანული განახლება, მათ შორის ბაღების, სპორტ-კომპლექსების მშენებლობა. დაახლოებით 4 მილიარდ ლარამდე არის ის პორტფელი, რომლითაც  აზიის განვითარების ბანკი  გვეხმარება. შეხვედრაზე განვიხილეთ აღნიშნული პროექტების პროგრესი და ვიმსჯელეთ იმ მომავალ შესაძლებლობებზე, რომელსაც  ერთად ვქმნით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი წელი, ისევე როგორც მომდევნო წლები მნიშვნელოვანი პროექტების  ექსპლუატაციაში შესვლით დაგვირგვინდება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ADB-ის  მიერ დაფინანსებული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული  პროექტების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ 861 მილიონ ლარზე მეტია.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შენდება ქუთაისის ოლიმპიური აუზი, ზუგდიდის, რუსთავისა და ახალციხის სპორტული კომპლექსები. მიმდინარეობს 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა ქუთაისში, ფოთში, სენაკში, სუფსაში, რუხში, ძველ ანაგაში, ვარდისუბანში, წინწყაროში და სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში. ახლახან კი, დაიწყო კახეთში, ველისციხის სრული ურბანული განახლების პროექტის განხორციელება.   

„აზიის განვითარების ბანკი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს პარტნიორია უკვე წლებია და მხარდამჭერი ჩვენი, მუნიციპალური განვითარების ფონდის. დაწყებული გავქვს ძალიან საინტერესო დიდ პროგრამა ე.წ. „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქები“ . აღნიშნული პროგრამა მოიცავს სამ  მიმართულებას, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესება, ახალი სპორტკომპლექსების მშენებლობა და ოლიმპიური აუზი ქუთაისში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გავქვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 20  სრულიად ახალი ბაღი შენდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ეხლახანს დავიწყეთ ერთ-ერთი ძალიან კარგი პროექტი კახეთში, ეს არის ველისციხის სრულიად ურბანული განახლება, რომელიც მხოლოდ ეს პროექტი 30 მილიონ ლარზე მეტია. ჯამში საუბარი გვაქვს პირველ ეტაპზე 225-250 მილიონ ლარამდე და მათი მხარდაჭერით აღნიშნული პროექტები წარმატებით განხორციელდება.“- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ.

წლების განმავლობაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა: ზუგდიდის, ურეკის, წყალმომარაგების სისტემებისა და  წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ქუთაისისა და ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ბათუმის ნაპირდაცვისა და მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა და სხვა.