ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში 150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

26 იანვარი 2022

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 4,8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

განახლებული სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, ბავშვები სწავლას კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს დაწყებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, 67 ახალი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა. საგანმანათლებლო პროგრამას  საქართველოს მთავრობა  და დონორები ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.