მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიში წარადგინა.
„2021 წლის ბიუჯეტი წლის დასაწყისში გახლდათ 340 მილიონი ლარი, შესაბამისად ბიუჯეტის ზრდამ 55% გადააჭარბა. ვინაიდან წლის განმავლობაში აღმოჩნდა ფინანსური რესურსები, რომელიც ფონდს გადმოეცა და წლევანდელი წლის ბიუჯეტი გახლავთ 528 მილიონი ლარი, ხოლო რეალური შესრულება-მოლოდინი, რაც ფონდს ექნება, იქნება 530 მილიონი ლარი. ჯამში, 101 პროექტი დაიწყო მუნიციპალური განვითარების ფონდმა მხოლოდ 2021 წელს. დასრულება შევძელით 177 პროექტის, ხოლო 216 პროექტი გვაქვს მიმდინარე. პროექტების ჭრილში, პროგრამული კოდები გვაქვს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ამიტომ პროგრამების კუთხით ვისაუბრებ. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გვაქვს და დავიწყებ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით. კონკრეტულად სკოლებზე რომ ვისაუბროთ, 2019-2022 წლების პროგრამა აქტიურ ფაზაში არის გადასული უკვე დიდი ხანია. აღნიშნული პროგრამა, ჯამში, 600 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსებით დაიწყო. შესაბამისად, ამ პროგრამაში შედიოდა 67 სრულიად ახალი სკოლის მშენებლობა, საიდანაც 52 ერთეული უკვე დასრულებულია და გადაცემულია, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ახალ სკოლაში სიარული. 15 სკოლა დასრულდება 2022 წელს. პროგრამაში შედიოდა სკოლების სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. საკმაოდ დიდი სკოლები, რომლებიც ყველაზე რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მათი რეკონსტრუქცია ფონდმა 2020 წელს დაიწყო. სულ 83 ერთეული. აქედან, შევძელით და 50 სკოლა დასრულებულია და, შესაბამისად გადაცემულია განათლების სამინისტროსთვის, რათა ბავშვებმა შეძლონ ახალ სკოლებში მიიღონ განათლება. 2022 წელს აღნიშნული პროგრამა გრძელდება უკვე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. 60 000 000 ევროზე არის საუბარი, რომელი სესხიც უკვე დამტკიცებულია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საპროექტო სამუშაოები, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს სკოლების რეაბილიტაციის პროექტირებაზე და ვგეგმავთ 2022 წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოების ეტაპობრივად დაწყებას.“- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა: საგანმანათლებლო, ურბანული განახლების, ტურისტული, სპორტული, საგზაო, სატრანსპორტო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები.
2021 წელს ფონდი ახალ პროგრამაში ჩაერთო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.