ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის 11.3 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ზუგდიდში სპორტულ კომპლექსს აშენებს.
სპორტული კომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ გაეცნო.
ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მწვრთნელებისა და მსაჯებისათვის. კომპლექსში განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. პროექტით გათვალისწინებულია კომპლექსის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო. სპორტკომპლექსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მოეწყობა პარკინგი.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ტურნირების ჩასატარებლად. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის არსებობა ქალაქის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს ქვეყნის კიდევ 3 დიდ ქალაქში - ქუთაისში, ახალციხესა და რუსთავში - დაიწყო თანამედროვე ოლიმპიური აუზისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა.