კახეთში ბავშვები სწავლას განახლებულ სკოლებში გააგრძელებენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდმა კახეთის რეგიონში, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სკოლების სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.
პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 445 ბავშვზე გათვლილ, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტში 160 ბავშვზე გათვლილ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
აღნიშნულ სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.
ამ ეტაპზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დასრულებულია 50 - ზე მეტი ახალი სკოლის მშენებლობა. ასევე, დასრულებულია 50 - ზე მეტი სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.