თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება
March 14, 2014
თბილისიდან რუსთავამდე გზა, ახალი ავტომაგისტრალის აშენების შემდეგ, 15 წუთში დაიფარება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე თემურ მურღულია, ჩინეთის ელჩი იუე ბინი, ჩინეთის კონსული და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.
სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედს“ შორის უკვე გაფორმდა.
„სამუშაოების განხორციელებას 20 აპრილს დავიწყებთ. კონტრაქტის ვადა 17 თვეა. ამ ეტაპზე პირველი და მესამე მონაკვეთების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პირველ მონაკვეთზე გზა არ იქნება გადაკეტილი, ხოლო მესამე მონაკვეთზე სამუშაოებს გზის ერთი მიმართულების გადაკეტვით განვახორციელებთ, რისთვისაც წინაწარ ვუხდით ბოდიშს მოსახლეობას,“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, თემურ მურღულიამ.
პირველი და მესამე მონაკვეთების ღირებულება 88,761,128.95.ლარია. აღნიშნულ მონაკვეთებზე„სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი“ სამუშაოებს ერთ თვეში დაიწყებს და 17 თვეში დაასრულებს. მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაოებზე 100% ადგილობრივი არაკვალიფიციური მუშა-ხელი იქნება დასაქმებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სამუშაოებზე, ძირითადად, გამოყენებული იქნება ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, გარდა იმ მასალებისა, რაც საქართველოში არ იწარმოება.
რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მისი დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და აზიის განვითარების ბანკშია გადაგზავნილი. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ტენდერი ცალკე გამოცხადდება.
თბილისი-რუსთავის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
საპროექტო ავტომაგისტრალის სიგრძე საორიენტაციოდ 17.4 კილომეტრია. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და, შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი. კერძოდ:
პირველი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ - სიგრძით 4 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე - 3.5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები სიგანით 2,5-3,0 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი;
მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია - საორიენტაციო სიგრძით 6.8 კილომეტრია. ამ მონაკვეთზე იგეგმება მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის ურბანული ტიპის შემოსავლელი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3,75 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება სატრანსპორტო კვანძები, ორი მიწისქვეშა, ოთხი სატრანსპორტო ხიდი და ოთხი საფეხმავლო ხიდი;
მესამე მონაკვეთი - ფონიჭალის დასახლების გასავლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. ტროტუარები გათვალისწინებული არ არის. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი.