თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა აშენდა

 ,,თელავში მოვინახულეთ უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია. ეს გახლავთ თანამედროვე ტიპის გამწმენდი ნაგებობა, სადაც მექანიკურთან ერთად ხდება ბაქტერიოლოგიური წმენდა, საბოლოო ჯამში მდინარეში ჩაედინება აბსოლუტურად გაწმენდილი და უვნებელი წყალი, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თელავში სტუმრობისას განაცხადა.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავში ახალი საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა ააშენა. 

პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 16.9 მილიონი ლარი შეადგინა.


დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე,  მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ.

,,როდესაც წყალარინებაზე და წყალზე ვსაუბრობთ თელავთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება, ზოგიერთი მათგანი  უკვე შესყიდვის პროცესშია. გათვალისწინებულია  მთლიანი დაქსელვა, ასევე  წიწმადიანის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ახალი მაგისტრალის მოწყობა, რომელიც  მიმართულია  არა მხოლოდ თელავის ამჟამინდელი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ, არამედ მზარდი პოტენციალისთვის.  ამ პროექტების განხორციელების შემდეგ, თელავს ექნება 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება, ისევე როგორც ეს  ზუგდიდში,  ქუთაისში, ჭიათურაში და წნორშია“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 

თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის არსებობა აუცილებელია, როგორც ქალაქის გამართული წყალარინების სისტემისთვის, ისე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და მდინარე ალაზნის დაბინძურების რისკები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა მართვაში წყალმომარაგების კომპანიას გადაეცა.