პროგრამა „განახლებული რეგიონები“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკური ეფექტს, ახალი შესაძლებლობებისა და დამატებითი შემოსავლების გაჩენას ადგილობრივი მოსახლეობისთვის

 „ძალიან საინტერესო განხილვა გვქონდა და საინტერესო არეალები წარმოადგინეს მუნიციპალიტეტებმა. მაგალითად, ზუგდიდის შემთხვევაში ეს არის დადიანების სასახლემდე მისასვლელი ბულვარი, ხობში ეს არის ხობის წყალთან ჩასასვლელი ახალი პარკი და სარეკრეაციო სივრცე, ფოთში კი - ცენტრალური ქუჩა, რომლის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ასევე, პროგრამის ფარგლებში ახალი სარეკრეაციო პარკი გაკეთდება მესტიაში და ასე შემდეგ. ჩამონათვალი მეტყველებს პროგრამის მოცულობასა და დიდ მასშტაბზე, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკური ეფექტს, ახალი შესაძლებლობებისა და დამატებითი შემოსავლების გაჩენას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის სხდომაზე დამტკიცდა ზუგდიდსა და ფოთში  ურბანული განახლების სიღრმისეული პროექტების მომზადება, რაც ორ დიდ ქალაქში შექმნის შემდგომი განვითრების საფუძველს.“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ

 

4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს
 
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს
 
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით