ქუთაისში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახლები შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, შერვაშიძის ქ. N53-ში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 5 თექვსმეტ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 36 მილიონ ლარს სცდება.
პროექტი 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და 2022 წლის აპრილში დასრულდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებენ.
საცხოვრებელი ბინები ჩაბარდება სრული რემონტით. მოეწყობა მისასვლელი გზები და პარკირების ადგილები. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ქუთაისის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ზუგდიდსა და წყალტუბოში ახორციელებს. ასევე, უკვე დასრულებულია პროექტი მცხეთაში. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019-2022 წლებში 152.3 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელი სახლი 2440 ოჯახს გადაეცემა.