ფოთს თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები გადაეცა
ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 5 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ფოთს გადასცა.
ამ ეტაპისთვის, ფოთს გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 5 ახალი ავტობუსი. მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 5 ერთეული ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.
პროექტი საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით, რომლებიც შეესაბამება ყველა თანამედროვე ევრო სტანდარტის ტექნიკურ მოთხოვნას, მათ შორის, ვენტილაციის სისტემაც.
ურბანული ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.
175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს კი მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.