ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ გადასცეს.
ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა დაიხურა.
დამატებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.
ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება.
დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.