ელგუჯა ხოკრიშვილი და გიორგი სომხიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, მოადგილეებთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი სომხიშვილთან ერთად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებსა და ბანკებს შორის ურთიერთობების დახვეწა.
საბანკო სექტორი არის ძირითადი გარანტორი კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებს ახორციელებენ. მხარეებმა ისაუბრეს საავანსო და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე; განიხილეს მათი გადაწყვეტის სხვადასხვა მოდელები.
მხარეები შეთანხმდნენ, შემდეგ შეხვედრაზე წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელსაც საკითხის ოპტიმალურად გადასაჭრელად შეიმუშავებენ.