ჭიათურაში საბაგირო გზების 4-დან 2 მიმართულების მონტაჟი და ტესტირება დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაციას ასრულებს.
ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების - ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.
დასრულების ფაზაშია დანარჩენი ორი მიმართულების ელექტრო გამართვა, რის შემდეგაც დაიწყება ამ მიმართულებების ტესტირების პროცესიც.
პროექტში ჩართულები არიან ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, ხოლო რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანია Pomagalski-მ.
ჭიათურის საბაგირო გზების რეაბილიტაცია საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღემატება.
ჭიათურის საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციის ბოლო ეტაპის სამუშაოს დასრულების შედეგად, სრულად აღდგება საბაგიროს ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი სამგზავრო მიმართულება, რომელთა საერთო სიგრძე 3428 მეტრია.
საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთაგორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით ისარგებლებენ როგორც ჭიათურის მოსახლეობა, ისე ქალაქის სტუმრები.