რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 5 ავტობუსი თელავს გადაეცა
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5 მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ თელავს გადასცა.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.
პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტები მომზადდებიან.
ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თელავი, რომელსაც აქამდე არ გააჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი, განვითარების ახალ სტანდარტზე გადავა. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, ასევე, ახალ სამუშაო ადგილებსაც გააჩენს.
175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.
ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.