სოფელ დარჩელში სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

8 ოქტომბერი 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის  გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მოინახულეს.

90 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყობა სკოლის ეზოც, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი 2019 წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და  ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.

საგანმანათლებლო პროგრამას  საქართველოს მთავრობა  და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ.

 

პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.