სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
ახალი საბავშვო ბაღი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მოინახულეს.
ახალი საბავშვო ბაღი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დასრულდა.
სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სასწავლებლად სიარული ამბულატორიის შენობაში უწევდათ. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. პროექტის მიხედვით, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.