ფოთში ახალი, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა სრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოებს ასრულებს. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 5.3 მილიონი ლარით ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთი და ჩრდილოეთი ტრიბუნა. ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების, სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე კი, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედ-ტაბლო. ასევე, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობა. სტადიონი ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე.
ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ადგილზე გაეცნენ.