გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის წყალმომარაგებისათვის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს, რომელიც 2019 წელს დაიწყო, 2021 წლის შემოდგომაზე დაასრულებს.
პროექტს მსოფლიო ბანკი 15 მილიონი ლარით აფინანსებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ნორიოში, ახალსოფელში, ვაზიანსა და ახალ სამგორში წყალმომარაგების პრობლემა წლებია არსებობს. წყალმომარაგების პროექტის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც მოეწყო სატუმბი სადგური და ჭაბურღილები, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ დაასრულა. მეორე ეტაპის მიმდინარე სამუშაოები კი, მოიცავს წყალმიმღები დრენაჟის, მაგისტრალური მილსადენებისა და რეზერვუარების მოწყობას.
ქსელის მოწყობის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოებს, რომელსაც პროექტის მესამე ეტაპი ითვალისწინებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტი განახორციელებს. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი და ახალი სამგორი 24 საათიანი წყალმომარაგებით ექნება უზრუნველყოფილი.
მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია სოფელ ხაშმისა და მუღანლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც.