პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა

14 აპრილი 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა. მთავრობის მეთაურმა დავით ნარმანიას შემცვლელის წარდგენისას ელგუჯა ხოკრიშვილის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.

 

ჩვენ ელგუჯა ხოკრიშვილს ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია და ვიმედოვნებ, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სამინისტროს, გახდება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და წარმატებული მინისტრი. ამ დრომდე გუჯა მუშაობდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად და ასევე კავკასიის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარედ.  მას აქვს შესნიშნავი კვალიფიკაცია, შესანიშნავი განათლება და გამოცდილება.  ყველა უნარი რომ წარმატებით უხელმძღვანელოს სამინისტროს და გააგრძელოს ის გზა რომელიც დაიწყო ბატონმა დავით ნარმანიამ ", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

ელგუჯა ხოკრიშვილი დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი  დირექტორის პორსტს იკავებდა.

 

ელგუჯა ხოკრიშვილი არის პოტსდამის უნივერსიტეტის ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, ეკონომიკის ბაკალავრი.  მუშაობდა კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის გამგეობის  თავმჯდომარედ,  ასევე ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა  ქართულ   და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის მკვლევარი მეცნიერი, გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შესახებ ქართულ, ინგლისურ და  გერმანულ ენებზე.

ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.