მიუსაფართა თავშესაფარში დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყო
მოსკოვის პროსპექტზე განთავსებულ მიუსაფართა თავშესაფარში დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა გვიან ღამით დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილზე კოტეჯები დადგა, სადაც მედპუნქტი და სამზარეულო განთავსდება. დამონტაჟდება, ასევე, სველი წერტილებიც.
თავშესაფარში პირველი ბინადარი ღამის ორ საათზე შევიდა. მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიაზე მობილიზებული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მორიგე ჯგუფები, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის თანამშრომლები.
ამ დროისთვის მიუსაფართათვის 4 საცხოვრებელი კარავია გაშლილი, სადაც 80 მიუსაფარის განთავსებაა შესაძლებელი. კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და ელექტროენერგიით. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება.
თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, მთავრობის კანცელარია. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.