ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 63 მუნიციპალიტეტისთვის კომპიუტერები და პრინტერები შეისყიდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის კომპიუტერებისა და პრინტერების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „იუ-ჯი-თი“-სთან ხელშეკრულება გააფორმა.
კომპიუტერებისა და პრინტერების შესყიდვა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და კონტრაქტის საერთო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.
მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაინერგება მუნიციპალური სერვისების ერთიანი ელექტრონული სისტემა. დანერგვის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და მომავალში სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია მუნიციპალიტეტების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა, კერძოდ, 2020 წლის ბოლომდე, თითოეული მუნიციპალიტეტი 2 მაღალი წარმადობის კომპიუტერითა და 1 მულტიფუნქციური პრინტერით აღიჭურვება.
ამ მიზნით, 2020 წლის ივნისში, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „იუ-ჯი-თი“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა გურამ ხოჯანაშვილმა მოაწერეს.