ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსი შეიძინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
ავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა. კურორტ ბაკურიანის ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები ახალი ავტობუსებით სარგებლობას შემოდგომიდან შეძლებენ.
სამგზავრო ავტობუსებთან ერთად, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია-განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა. ტექნიკის შეძენაზე ტენდერი დასრულებულია და მიმდინარეობს შეფასების პროცედურები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურ პროექტს ახორციელებს. დასრულებულია ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე ავტოსადგომის მოწყობა, აშენდა პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობა, დასრულდა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ბაკურიანის ურბანული განახლების და კურორტის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები.
დაბა ბაკურიანში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.