დავით ნარმანიამ და ელგუჯა ხოკრიშვილმა მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” სამშენებლო მოედანი დაათვალიერეს

11 აპრილი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო ობიექტი მოინახულეს და პროექტთან დაკავშრებულ საკითხებს ადგილზე გაეცნენ. ამასთან, მინისტრმა და ფონდის დირექტორმა საზოგადოებას მეტროს მშენებლობის დაწყების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მედიას ის ვიზუალური მასალა გააცნეს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორი იქნება მეტრო მშენებლობის დასრულების შემდეგ.  

 

თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ეს იყო 20 წლის განმავლობაში გაჩერებული პროექტი, რომელიც სულ მალე ამოქმედდება და რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაში. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაასრულა მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც თბილისის მეტროპოლიტენსა და ესპანურ კომპანია „ევროსტუდიოსთან“ აწარმოებდა. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

 

თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის შემდგომ განვითარებას.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება გვირაბების რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 2.6 კმ.  მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ამოსასვლელები ვაჟა -ფშაველას  გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინაღდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა, რის შედეგადაც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი თანამედროვე სტანდარტის მეტრო მოემსახურება.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით  1985 წელს დაიწყო  და  1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისათვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისსა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს,  მეორე ხაზი კი  ამ დრომდე არ არსებობს. ვაჟა-ფშაველასა და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის.

მშენებლობის შედეგად, დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქლაქში არსებულ 22 მეტროსადგურს ახალი 23-ე სადგური დაემატება. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო ფირმმამ „ეუროესტუდიომ“ მოამზადა. პროექტს  გავლილი აქვს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტიზა. ქართული ექსპერტიზის გარდა, პროექტი დამოუკიდებლემა იტალიელმა ექსპერტმაც შეაფასა. პროექტის დეტალები ასევე შეთანხმებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან.

შეგახსნებეთ, რომ თბილისის მეტრო  1966 წელს გაიხსნა. დღეისათვის ის 2 ხაზისაგან შედგება საერთო სიგრძით 27 კმ. სულ დედაქალაქში ამჟამად 22 სადგური ფუნქციონირებს, 2016 წელს კი დედაქალაქს 23-ე თანამედროვე სტანდარტების ახალი მეტროსადგური დაემატება.