იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახლები შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2019-2020 წლებში 145 მილიონი ლარია. ჯამში პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება.
მიმდინარე წელს ფონდმა უკვე დაასრულა მცხეთაში ორი კორპუსის მშენებლობა 120 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის. ასევე, სრულდება ზუგდიდისა და წყალტუბოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და ბინების გადაცემა უკვე 2020 წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი. დამატებით მიმდინარეობს ქუთაისის, წყალტუბოსა და ზუგდიდში იძულებით გადადგილებული პირებისთვის კორპუსების მშენებლობა.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში არამარტო მსხვილმასშტაბიანი მშენებლობა ხორციელდება, არამედ 4 მუნიციპალიტეტში კასპის, ქარელის, გორისა და მცხეთის იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში შიდა გზის მშენებლობა მიმდინარეობს. შიდა გზების საერთო სიგრძე 23 კილომეტრია. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.