მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ პარლამენტის თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
,,2019 წელი დიდი გამოწვევის წელი იყო ფონდისთვის. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი ისტორიულად ყველაზე მაღალი იყო მიმდინარე წელს, ასევე, პროექტების რაოდენობით და მრავალფეროვნებითაც გამორჩეული გახლდათ. ფონდის აქტივობა გადანაწილებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და მრავალი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ინფრასტუქტურულ პროექტებს მოიცავს. ისტორიულ მაქსიმუმზეა მიმდინარე პროექტების რაოდენობა, რომელიც ჯამში 250 პროექტს აჭარბებს, რაც კიდევ უფრო ართულებს ფონდის წინაშე მდგარ გამოწვევებს. წელს ფონდის ბიუჯეტი 353 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელიც 30%-ით, დაახლოებით 80 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ბიუჯეტს . დღეის მდგომარეობით ბიუჯეტი 100%-ით შესრულებულია. წლის დასრულებას კი მცირე გადაჭარბებით ვპროგნოზირებთ“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა: ტურისტული, სპორტული, საგზაო, სატრანსპორტო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები.
2019 წელს ფონდი ორ ახალ პროგრამაში ჩაერთო, ეს არის საგანმანათებლო ინფრასტრქუტურა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მშენებლობა.