სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება
20 სექტემბერი 2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს.
აღნიშნულ პროექტზე უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომას დაიწყებს.
პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.