გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

4 სექტემბერი 2019

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის საპროექტო სამუშაო უკვე დასრულდა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება: ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლირებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც  დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი. ასევე, ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები.

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.

წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება:

 

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3498