მგფ-მა, ლტოლვილთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა მარნეულში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსი გახსნეს
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულში 24 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის კიდევ ერთი 24 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ყოფილი ბაღის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 855821.76 ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 24 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 17 ერთოთახიანი და 7 ოროთახიანი მათ შორის, ერთი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული.
პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 30 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 5 იძულებით გადაადგილებული პირი იყო.
ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობელები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. USAID-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11,982,688.23 ლარია გამოყოფილი. პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში ათი კორპუსის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა რეაბილიტირებული შენობები ქუთაისში, წყალტუბოსა და ვანში. მარნეულის შემდეგ დარჩენილი შენობების გახსნაც ეტაპობრივად მოხდება.