აბასთუმანში 20 ოჯახის დროებით განსახლება განხორციელდა
13 ოქტომბერი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბასთუმანში მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული სახლების, ასტროფიზიკური ობსერვატორიის და მიმდებარე საბაგირო გზის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი მოიცავს დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში განთავსებული 18 სახლის რეაბილიტაციას, რომელზე ჩასატარებელი სამუშაოები განსხვავდება სირთულითა და მასშტაბით. პროექტის საწყის ეტაპზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ, მსოფლიო ბანკის განსახლების პოლიტიკის შესაბამისად, მოამზადა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმდა დონორ ორგანიზაციასთან. იმ სამშენებლო აქტივობებიდან გამომდინარე, რომელიც დაგეგმილია თითოეული შენობისათვის, განისაზღვრა შენობის კატეგორია, რომლის საშუალებითაც დადგინდა, თუ რომელი შენობის მაცხოვრებლები ექვემდებარებიან დროებით განსახლებას რეაბილიტაციის პერიოდში. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს დროებით განსახლებას დაქვემდებარებული ბენეფიციარებისათვის შესაბამისი საკომპენსაციო თანხების გადახდას. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა დროებითი განსახლებისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხებისა, ბენეფიციარები ღებულობენ ავეჯის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ კომპენსაციას. ასევე, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული გეგმა ითვალისწინებს მოწყვლადი პირებისათვის დამატებითი კომპენსაციების გაცემას.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები დაყოფილია ეტაპებად. ამჟამად მიმდინარეობს მე-2 ეტაპის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, დაბა აბასთუმანში, საპროექტო ზონაში არსებული საცხოვრებელი ფართებიდან, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განხორციელდა 20 ოჯახის დროებით განსახლება და მათთვის შესაბამისი კონპენსაციების სრულად ანაზღაურება.
პროექტირების ადრეული ეტაპიდან მოსახლეობასთან მიმდინარეობს მჭიდრო კომუნიკაცია, რათა განხორციელდეს მათ მიერ წამოჭრილი საკითხების განხილვა და დროული გადაწყვეტა. ჩატარებულია არაერთი საჯარო და ინდივიდუალური შეხვედრა, რათა მოსახლეობა სრულად იქნას ინფორმირებული პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.