ახალი მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა
თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ახალი მეტროსადგური ,,უნივრსიტეტი“ დღეიდან მოემსახურება. 23-ე მეტროსადგური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გახსნეს.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას, თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მეტროსადგურის გახსნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, მათ შორის ინჟინერ-მშენებლებს, ვინც პროექტის წარმატებით დასრულებაში წვლილი შეიტანა.
,,სწორედ დღეს, თბილისში მომუშავე 22 მეტროსადგურს შეემატება 23-ე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი მეტროსადგური „ სახელწმიფო უნივერსიტეტი“, რომლის მშენებლობის პროცესი 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. ახალი მეტროსადგურის ამუშავება, დღეში დაახლოებით 15 000-ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისის ისედაც გადატვირთული სატრანსპორტო ნაკადების განსატვირთად და დედაქალაქში ურბანული ტრანსპორტის გასავითარებლად’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა ღირებულება დაახლოებით 84 მლნ ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ესპანურმა კომპანია „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა , რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს განხორციელებული.
პრემიერ-მინისტმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებთან და სტუმრებთან ერთად, ახლად გახსნილი მეტროსადგურიდან გასული პირველი მატარებლით იმგზავრა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.