თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდის“ საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. ახალი ავტობანის სიგრძე 17,4 კმ-ია. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია 2 გზაგამტარის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 8 ხიდის, 2 მიწისქვეშა გადასასვლელისა და 4 საფეხმავლო ხიდის მშენებლობა. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და, შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი. პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია პირველ და მესამე მონაკვეთებზე. აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 17 თვეში იგეგმება. პირველი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან ფონიჭალის დასახლებამდე სიგრძით 4 კმ გზა დაიგება, ასევე, აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი; მეორე მონაკვეთის მშენებლობა ფონიჭალის დასახლებაში განხორციელდება, გზის სიგრძე 6,8 კმ-ია. მოეწყობა ორი მიწისქვეშა გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო ხიდი და ოთხი საფეხმავლო ხიდი; მესამე მონაკვეთის მშენებლობა ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე მოხდება. აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი. პროექტის დასრულების შედეგად, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი მნიშვნელოვნად შეამცირებს ორ ქალაქს შორის მგზავრობის ხანგრძლივობას, ხელს შეუწყობს უსაფრთხო გადაადგილებას და სავაჭრო ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან. პროექტის მიზანი საქართველოში ურბანული სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებაა. რომლის განხორციელების შედეგადაც ქალაქებში ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უფრო ეფექტური გახდება და 1,5 მლნ-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება პირობები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებენ კომპანიებს, აქტიურად დაინტერესდნენ აღნიშნული ტენდერით და მიიღონ მასში მონაწილეობა.