დავით ნარმანია და თორნიკე თორაძე იმერეთის გუბერნატორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ
1 თებერვალი 2014
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე იმერეთში იმყოფებოდნენ, სადაც იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა და საქვეუწყებო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა გუბერნატორს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ინფორმაცია იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს.
ჯამში, 2014 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 251 286 075 ლარი დაიხარჯება. აქედან, 220 152 200 ლარის სამუშაოების დაფინანსებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი იმერეთი დამატებით 31 133 875 ლარს მიიღებს.