თელავში ბატონის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, თელავში, ბატონის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. სამუშაოების ღირებულება 6 423 430 ლარს აღწევს.
პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანია ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედისა და ტურიზმის განვითარება.
პროექტი ითვალისწინებს სასახლის სრულ რეაბილიტაციას, ავთენტურობის მაქსიმალური დაცვით. კედლების გასალესად, გაჯის ნაცვლად, გამოიყენება კირი, ვინაიდან დადასტურებულია, რომ თავდაპირველად სასახლის მშენებლობისას კედლების გასალესად სწორედ კირის მასალა იქნა გამოყენებული. ამ დროისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: სამხრეთ აივნის აღდგენა, თაღოვანი სახურავის რეაბილიტაცია, ლესვითი სამუშაოები, იატაკების დაგება აგურით და ვიტრაჟების მონტაჟი.
პროექტის მიხედვით, სასახლეს დაემატა საგამოფენო სივრცე - მუზეუმი. მოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც.
სარეაბილიტაციო პროექტი ფონდმა კულტურული მემკვიდეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მოამზადა.
სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება , ხოლო მუზეუმის შენობის სამუშაოების დასრულება 2017 წლის ზაფხულამდე იგეგმება.
ბატონის სასახლეს რესტავრაცია, ბოლოს, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ არ იყო გამოყენებული ისტორიული ძეგლის სარესტავრაციოდ მიზანშეწონილი მასალები და არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, არსებული პროექტი შეიცვალა და, ძეგლის იერსახის შესანარჩუნებლად,სრულად იქნა დაცული ყველა შესაბამისი ნორმა.