ძველ შუამთასა და ახალი შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა ეწყობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ეწყობა: საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ძველ შუამთასა და ახალ შუამთაში მოეწყო საერთო ჭაბურღილი. უკვე დასრულებულია 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
რეგიონული განვითარების პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.
პროექტების განხორციელების შედეგად, გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც, კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ამასთან, პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალ შუამთასა და ძველ შუამთაში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.
სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.