ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციო სამუშაობს ახორციელებს. სოფლების მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ გზას რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, ბეტონის საფარი ფაქტობრივად განადგურდა და მასზე გადაადგილება შეუძლებელი გახდა. პროექტის დაწყებამდე აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი ჭირდებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი 7,5 კმ-იანი გზის გავლა 10 წუთში გახდება შესაძლებელი.
მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული. 7,5 კმ-იანი გზის სიგანე 6 მეტრია. პროექტის ფარგლებში, გზის მთლიან მონაკვეთზე მოეწყობა 18 სმ-იანი არმირებული ცემენტობეტონის საფარი, ზედაპირული წყლების აცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ამას გარდა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.